გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ხელმძღვანელი მიხეილ
გოგინაშვილი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნებიდან'' წასულმა დეპუტატებმა
საპარლამენტო მანდატი უნდა დატოვონ.
მისი აზრით, მოქმედი დეპუტატების მხრიდან ეს უფრო სწორი
გადაწყვეტილება იქნება. შეგახსენებთ, დღეს, 6-მა დეპუტატმა, მათ
შორის, გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა
,,ქართული ოცნება'' დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.
საკრებულოს მმართველი გუნდის ლიდერი განმარტავს, რომ ამ დეპუტატმებმა
,,ქართული ოცნების'' წყალობით მოიპოვეს პარლამენტარობა:
,,ოცნების მხარდაჭერით და ოცნების მხარდამჭერებით გასულებმა
[გამარჯვებულებმა], როცა გადახტომა უნდათ, მანდატები უნდა დატოვონ.
სწორი ასე იქნება''- განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა.
ხოჯევანიშვილის დეპუტატობას ხმა, გორსა და კასპში, 41 333-მა
ამომრჩეველმა მისცა, მაშინ როდესაც მაჟორიტარულ ოლქში 135 795
ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებზე გამოცხადდა 77 743
მოქალაქე.
რაც შეეხება პარტიას, საპარლამენტო არჩევნების დროს, ,,ქართულ
ოცნებას" მხარი 38 371-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.