თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით ავღანეთს დატოვებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული
გრაფიკით, ავღანეთს
დატოვებენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის
ძალები, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების
განმტკიცებას მომავალშიც გააგრძელებს.
,,როგორც უკვე ცნობილია, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის
სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე
მხარდაჭერის“ მისია. თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო
კონსულტაციებს როგორც ნატოსთან, ასევე ორმხრივად, ჩვენს მთავარ
სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან და თავდაცვის ძალების
ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან
კოორდინაციით განხორციელდება.''
- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა
ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე
მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით
უმსხვილესი კონტრიბუტორია. მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას
ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა,
რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.
თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული
სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული
სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში
დაღუპულ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა
და უსაფრთხოების განმტკიცებას.