საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ
2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაეზრდებათ. ამის
შესახებ დღეს, 9 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაორმაგდება მერების ხელფასები:
,,მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად
ამოვარდნილია და საერთოდ შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან.
წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ
ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე,
ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარუდგენია. რამდენიმე დღის წინ ბატონი
ლაშა გამოვიდა თავისი პრეზენტაციით და განაცხადა, რომ 2022 წლის
იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას
ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში
დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ
კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის
გადაწყვეტა. ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად
გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000
ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. ეს საკითხი საჭიროებს დროულად
გადაწყვეტას, რასაც აუცილებლად მოვაგვარებთ“, - აღნიშნა ირაკლი
ღარიბაშვილმა.