ახალი ამბები
,,რისკის ქვეშაა 150-მდე სახლი'' - ზინდისის დასახლება 2012 წლის გეოლოგიურ დასკვნაში
დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში 2024 წლის 7 თებერვალს ღამით მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მასა ჩამოიშალა. 40 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.

8 თებერვალს დასახლებაში გეოლოგების ჯგუფი ჩავიდა. ისინი, ვითარების შესწავლის შემდეგ, მორიგ დასკვნას გაამზადებენ. ამ დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ღონისძიებები გატარდება.

2024 წლის 7 თებერვლის მეწყერს მსხვერპლი არ მოყოლია.

ზინდისის დასახლებაში მეწყრულ პროცესებს გარემოს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა წლებში აკვირდებოდა, მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ 2012 წელს სახიფათოდ მიიჩნიეს.




ფოტოზე: ზინდისი - 2024 წელი

2012 წლის მაისში კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტმა ჩაატარა. როგორც ანგარიშიდან ჩანს, აღნიშნულ უბანზე პრობლემები თავს უხვი ნალექის დროს იჩენს.

,,2012 წლის მაისის თვის მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ გასული ზამთრის უხვი ატმოსფერული ნალექების შემდგომ მდგომარეობა შეიცვალა და ფერდობში წყლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და შესაბამისად გააქტიურდა მეწყრული პროცესები. გარემონტებულ სახლებზე კვლავ გაჩნდა ბზარები, ხოლო ფერდობზე დაფიქსირდა გრუნტის წყლების გამოსავლები. როგორც დათვალიერებამ გვიჩვენა, მეწყრული პროცესები კვლავ გამოცოცხლდა, რაც საშიშროების რისკის ქვეშ აყენებს ფერდობზე განლაგებულ 150-მდე საცხოვრებელ სახლს.'' - აღნიშნულია 2012 წლის დასკვნაში.

დოკუმენტის სახელწოდებაა - ,,საქართველოში 2012 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2013 წლისთვის''.

ის რაც მოსალოდნელი იყო 2013 წელს, რატომ მოხდა 2024 წელს, ამის შესახებ ახალ დასკვნაში იქნება მოცემული, რომელზეც გეოლოგები უკვე მუშაობენ.


ფოტოზე: ზინდისი - 2024 წელი

 

Print