ახალი ამბები
ქვემო ხვედურეთის სკოლის ადმინისტრაცია ჩივის, რომ სამშენებლო კომპანიამ ხელმოწერა გააყალბა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის სკოლის ადმინისტრაცია ჩივის, რომ სამშენებლო კომპანიამ ტენდერში გასამარჯვებლად ხელმოწერა გააყალბა.

ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 6 თებერვალს იმსჯელეს. საქმე სკოლის სამედიცინო ოთახის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს ეხება.

ქვემო ხვედურეთის სკოლამ ბავშვებისთვის სამედიცინო ოთახის მოსაწყობად ტენდერი 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ,,გარანტი 44-მა''. სატენდერო პირობების თანახმად, მას უნდა წარედგინა დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ანალოგიური სახის სამუშაოები ჩატარებული აქვს.

კომპანიის წარმომადგენელმა ქვემო ხვედურეთის სკოლის სატენდერო კომისიას წარუდგინა მასსა და ააიპ "სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს" შორის გაფორმებული შესრულებული სამუშაოების აქტი - ე.წ. ფორმა №2, რომელიც ხელმოწერილი იყო ააიპ "სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს" დირექტორის ქ.ნ.-ს მიერ.

ქვემო ხვედურეთის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ინფორმაცია გადაამოწმა "სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს" დირექტორთან, რომელმაც სატელეფონო საუბრისას სკოლას აცნობა, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე არ იყო მისი ხელმოწერა.

ამის შემდეგ კომპანიას ჯერ სკოლამ, შემდეგ შესყიდვების სააგენტომ მოსთხოვა ახსნა-განმარტება, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

შესყიდვების სააგენტომ დაადგინა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. შპს "გარანტი 44" დარესგიტრირდა შავ სიაში.

მას შემდეგ ქვემო ხვედურეთის სკოლას ტენდერი, სამედიცინო ოთახის მოწყობის მიზნით, აღარ გამოუცხადებია.

 

Print