ახალი ამბები
გორში კერძო იპოთეკარი ჩივის, რომ დაგირავებული ტრაქტორი ნაწილ-ნაწილ გაუყიდეს
გორის სასამართლოს მიმართა კერძო იპოთეკარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მან თანასოფლელს ასესხა 800 დოლარი თვეში 10%-ის დარიცხვით, სანაცვლოდ კი ტრაქტორი გადაიფორმა.

ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

სესხის დადებას ადასტურებს იმავე თარიღით მოსარჩელის სახელზე ტრაქტორის გადაფორმება, რომელიც უზრუნველყოფის სახით საკუთრებაში მიიღო გამსესხებელმა.

კერძო იპოთეკარის განმარტებით, ტრაქტორი მოპასუხის სარგებლობაში დარჩა, თუმცა მან ნივთი დაშალა და ნაწილებად გაყიდა.

როგორც გამსესხებელი აღნიშნავს, მას არც თანხას უხდიან და აღარც ტრაქტორი არსებობს.

დავა 2023 წლის თებერვალში დაიწყო. გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 800 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხე თვლის, რომ მას არანაირი ვალი არ გააჩნია და მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, რადგან ქონებრივი დავა არ აღემატება 2000 ლარს.

,,სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის 800 დოლარის ღირებულება იყო 1986 ლარი და 72 თეთრი. 2023 წლის 8 მაისის მდგომარებით აშშ დოლარის კურსი იყო 2.4834 ლარი.

 

Print