ახალი ამბები
კასპში 84 წლის კაცს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - პროკურორი შეღავათის გამოყენების წინააღმდეგია
ძმის ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გორის სასამართლოს განაჩენით შიდა ქართლის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ სანიკიძე განაჩენით კმაყოფილი დარჩა.

მსჯავრდებულია 85 წლის მამაკაცი, რომელმაც ერთი წლის წინ, 84 წლის ასაკში, სოფელ ნოსტეში ძმის ცოლი სანადირო თოფით მოკლა. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, 73 წლის ქალმა სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიიღო.

დაკავებულის ადვოკატმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ასაკიდან გამომდინარე, საჭიროა, პატიმრობის გარკვეული ნაწილი, მამაკაცმა სახლში გაატაროს. პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე არ დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას და გააწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა. სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

,,მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია შეღავათის გამოყენების წინაპირობები, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო პრევენციიდან გამომდინარე, რადგან გასათვალისწინებულია დანაშაულის ჩადენის ხერხი და მოტივი.

პროკურორის განცხადებით, 2022 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცმა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ლ. ნ–ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
Print