ახალი ამბები
შიდა ქართლში 8 სასადილო 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ ისევ გაიხსნა
2017 წლის განმავლობაში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, 8 სასადილოს, 5 საცხობს, 2 კაფე-რესტორანს და ერთ სასტუმროს (სამზარეულოს გამო) 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის კვლევის შედეგად გახდა ცნობილი.

კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენისას ბიზნესოპერატორებს ოქმი საქართველოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით შეუდგინეს. შემოწმება ძირითადად ივნისი-ივლისი-აგვისტოში განხორციელდა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ისეთი შეუსაბამობების აღმოჩენას, რომელიც ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათის/ცხოველის საკვებს შეიცავს. ხოლო მათი სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულმა ობიექტების მეპატრონეებმა ჯარიმა გადაიხადეს და საწარმოო პროცესი განაახლეს.

 

Print