ახალი ამბები
პარლამენტარის კომპანიის მუშები აზერბაიჯანულ სოფელში გიორგი სააკაძის სურათით შევიდნენ
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის კომპანიის კუთვნილ ტექნიკას ორიგინალური ნახატები და ფოტოები ამშვენებს. ერთ-ერთ ტრაქტორზე გიორგი სააკაძის სურათია გამოსახული. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ის სპეციალურად აზერბაიჯანულ სოფელში მუშაობის დროს, მათმა თანამშრომელმა მიაკრა.

,,კასპის რაიონში ვმუშაობდით. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში მოგვიწია ყოფნა. ჰო და, იმათ დასანახავად გავაკეთეთ,“ - გვითხრა სამუშაოების ზედამხედველმა. იმავე ტრაქტორზე მტაცებელი ფრინველების ფოტოებია მიკრული.  სატვირთო მანქანაზე კი, მგლის თავია გამოსახული.

,,ჩვენი კომპანიის ტექნიკა ყველაზე მაგარია, არა მარტო, რეგიონში, არამედ საქართველოში. მგლები ვართ“ - ამბობენ მუშები.

მართლაც, კომპანია ,,იბოლია“ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ კომპანიად ითვლება რეგიონში. ჯერ კიდევ, 2013 წელს მომზადებულ ანგარიშში, რომელიც გორის გამგეობისთის სპეციალისტებმა შეუდგინეს, პირველ ადგილზე ,,იბოლია“ გაიყვანეს.

კომპანიების მდგომარეობა იმ სამოქმედო გეგმაშია ასახული, რომელიც 2014-2020 წლების განვითარების პროგრამას ასახავს. ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე მძლავრი სამშენებლო კომპანიები. სიის სათავეში ხელისუფლებასთან დაახლოებული ორგანიზაციები მოხვდა.

სამოქმედო გეგმაში ასახულია თითოეული კომპანიის სიმძლავრე მანქანა-დანადგარების ღირებულების და ტექნიკური გამართულობის მიხედვით. ასე მაგალითად:

1. შპს ,,იბოლია" საგზაო მშენებლობა და რეაბილიტაციის სამუშაოები, სიმძლავრე 6, 000 000 ლარი, მდგომარეობა კარგი
2. შპს #1 საგზაო სამმართველო საგზაო მშენებლობა 5, 936 000 ლარი, მდგომარეობა საშუალო
3. ს/ს #3 ,,სამშენებლო ტრესტი“ სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა 3, 200 000 მლნ ლარი, მდგომარეობა კარგი
4. შ.პ.ს. ,,არქმშენსტუდია 2002“ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები 1, 554 662 ლარი, მდგომარეობა საშუალო












Print