ახალი ამბები
აპრილში შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი, მხოლოდ, შიდა ქართლში გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით ასეთი შემთხვევების რაოდენობა 442-ს აღწევს. ფაქტი მათ შორის 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

უფრო კონკრეტულად, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 75 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 19 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 58 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 42 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 20 ფაქტი, შიდა ქართლში - 61, კახეთის მასშტაბით - 70 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 59 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2430 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
Print