ახალი ამბები
დაგროვებითი პენსიის შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა
2019 წლიდან ხელისუფლება დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას აპირებს. არსებული პროექტის თანახმად, საპენსიო ფონდში, დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 6% გადაირიცხება:

,,თუ ადამიანს რეფორმამდე ჰქონდა 1000 ლარი ხელფასი და ხელზე იღებდა 800 ლარს, რეფორმის შემდეგ აიღებს 784 ლარს. 2%-ს ფონდში სახელმწიფო ჩარიცხავს, 2%-ს - თავად დასაქმებული და 2%-ს დამსაქმებელი. " განაცხადა საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭიჭინაძემ.

საპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხელისუფლება ორი არგუმენტით ხსნის: ამ გზით პენსიონერი უფრო ღირსეულ პენსიას მიიღებს და უზრუნველი სიბერე ექნება და ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტსაც შეუმსუბუქდება.

არის თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტია, ამის შესახებ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გიორგი ჭიჭინაძემ ისაუბრა:

იხ. ვიდეო:




რეფორმის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ.

,,შემოთავაზებული ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. „ღირსეულ პენსიას“, რადგან სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 25% არის დაქირავებით დასაქმებული, 34% თვითდასაქმებულია, ხოლო 41% უმუშევარია ან სამუშაო ძალაში არ შედის. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ დასაქმებულთა 58.4% 40 და მეტი ასაკის ადამიანებია, რომლებზეც საპენსიო სქემაში ჩართვის ვალდებულება არ ვრცელდება. შედეგად, გამოდის, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 10.5%-ზე გავრცელდება." - აღნიშნულია ორგანიზაციის რეკომენდაციებში.

შემოთავაზებული საპენსიო სისტემით, მათი აზრით, სახელმწიფო მოსახლეობაში სოციალურ უთანასწორობის ზრდას უწყობს ხელს. მომავალში სახელმწიფო დასაქმებულ და მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს თანხობრივად უფრო მეტ კონტრიბუციას გაუკეთებს პენსიაში, ვიდრე უმუშევრებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობა გაიზრდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები