ახალი ამბები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)
დღეს, გორის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებს სასულიერო პირები შეხვდნენ. შიდა ქართლის ეპარქიების წარმომადგენლებმა სააგენტოს თანამშრომლებს ის საკითხები გააცნეს, რომლებიც მათი აზრით, ამ ეტაპზე აუცილებლად მოსაგვარებელია.

პირველ რიგში, რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებეული საკითხები განიხილეს. ხაშურისა და გორის ეპარქიების წარმომადგენლებს არ მოსწონთ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაციებს რეგისტრაცია უადვილდებათ.

მაგალითისთვის, რელიგიური ორგანიზაცია ,,გირჩის“ დაფუძნება და ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები დაასახელეს.

,,გასარკვევია ის საკითხი, რეალურად ასრულებს თუ არა ეს ორგანიზაცია იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია რელიგიურ საქმიანობასთან“ - აღნიშნეს სასულიერო პირებმა. მათი აზრით, ,,გირჩი“ ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენს, რადგან 10 ათასობით ახალგაზრდა გაწევრიანებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით.

გორის ეპარქიის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ,,გირჩის“ წევრებისთვის ეპისკოპოსის სტატუსის მინიჭების ფაქტები.

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში, უშუალოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. შეხვედრაზე განიხილეს ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ რელიგიურ საკითხებთან არის დაკავშირებული.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ 2015 წელს დაფუძნდა. გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება.

პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს - მათ დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები