ახალი ამბები
,,ყალბი ამბების" გავრცელების საპირისპიროდ მედიაორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოცხადდება
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) გორის ოფისში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები შეაჯამეს ალიანსში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

რა ვითარებაა დღეს აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ? რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა და რუსული პროპაგანდის საფრთხეები; რამდენად დაცულები ვართ უსაფრთხოების მხრივ და რა გაკეთდა, ან უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით? საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ; სამოქალაქო საზოგადოების როლი და მონაწილეობის დონე/ხარისხი კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ამ და სხვა საკითხებზე მოწვეულომა სტუმარმა ნინო ბოლქვაძემ მოხსენება გააკეთა, შემდეგ კი აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. დამსწრეთა შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიის წარმომადგენლენლები და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები. მათი ნაწილი ნატოსთან ურთიერთობაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს და თვლის, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი.

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ეს პოზიცია მითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომები საზოგადოების ნაწილის მხრიდან რუსული პროპაგანდის შედეგად ვრცელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრაზე, ორ ნაწილად გაყოფილი გერმანიის მაგალითი განიხილეს და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, თუ როგორ გახდა ალიანსის წევრი ამ ქვეყნის ჯერ დასავლეთი ნაწილი, მოგვიანებით კი მთლიანი გერმანია.

შეხვედრაზე ვრცელი დრო დაეთმო ე.წ. ფეიკ ნიუსების" (ყალბი ამბები) თემას. მოწვეულმა სტუმარმა მედიის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისას სიფრთხილისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა მართებთ, რადგან თავადაც არ აღმოჩნდნენ ანალიზისა და ფაქტების სიღრმისეულად გაცნობის გარეშე ინფორმაციის გამავრცელებლები.

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დასასრულისკენ აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში რეგიონული მედიასაშუალებებისთვის კონკურსი გამოცხადდება. ადგილობრივი ჟურნალისტები, მათი მხარდაჭერის შედეგად, მითების საპასუხოდ,  სწორი ინფორმაციის გავრცელების პროცესში ჩაერთვებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები