ახალი ამბები
არჩევნების წინ გახსნილი ხილის ქარხანა საღოლაშენში დაკეტილია
,,საღოლაშენში რომ გამოიარეთ, ვერ დაინახეთ ქარხანა? მანქანები არ იდგა? როგორ? ბოლი არ ამოდიოდა?!" - გვითხრეს ხუმრობით სოფელ დვანში. წელს გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ამ სოფელში მოსახლეობას ვაშლის კარგი მოსავალი აქვთ, თუმცა მოსავლის ჩამბარებელი ვერ ნახეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ამჟამად დაკეტილია. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან გლეხების მიერ მიტანილი ვაშლი ერთი კვირის წინ არ ჩაიბარეს. საწარმო ოფიციალურად 2018 წლის 22 ნოემბერს გაიხსნა.

ქარხნის ხელმძღვანელმა საწარმოს შიგნით გადაღების უფლება, დღეს, 6 დეკემბერს არ მოგვცა. საწარმო სახელმწიფო აგრო კრედიტის ფარგლებში აშენდა და გახნიდან რამდენიმე დღეში დაიკეტა.

,,გამოგართმევ მაგ კამერას და გადაგამტვრევ ზედ" - დაემუქრა საწარმოში მომუშავე პირი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს მაშინ, როდესაც საწარმოს გზის მხრიდან იღებდა.

,,სტანოკია გაფუჭებული, იმას გაკეთება არ უნდა? ეხლა რომ მოხვედით, უფროსი არ არის. როცა ხელმძღვანელი მოვა, მაშინ მოდით" - გვითხრეს სახელმწიფოს ხარჯზე გაკეთებულ ქარხანაში. საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გახსნის დროს ქარხანა დენზე მუშაობდა:

,,ახლა ხარჯების ოპტიმიზაციას ვაკეთებ. აქამდე ვამუშავე დენზე. 2-3 დღის შემდეგ მოდით და მერე გადაგაღებინებთ. მინდა, რომ კარგი კუთხით გამოჩნდეს ქარხანა" - აცხადებს საწარმოს დირექტორი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით, საწარმოში, ჯამურად, 1 013 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 405 000 ლარი გრანტია, ხოლო 507 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

22 ნოემბერს გახნის ცრემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი; შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილთი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.



,,საწარმოს დღიურად შეუძლია 10 ტონა ნედლეულის გადამუშავება, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჯანჯუხა, ასევე სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბა. პროდუქციის რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავლოდ, დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს, საწარმოში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 22:000 დანერგვა." - აღნიშნულია პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ამავე უწყების ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.

რაც შეეხება სოფელ საღოლაშენის საწარმოს და მის ფუნქციონირებას, ქარხნის დირექტორი დეტალურად მას შემდეგ ისაუბრეს, როდესაც საწარმოში გაზიფიცირება დასრულდება. რაც შეეხება დაზგა-დანადგარების დაზიანების ფაქტს, ამის თაობაზე, საწარმოში მომუშავე მუშებმა განაცხადეს.

სოფელ დვანში ფიქრობენ, რომ საღოლაშენის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ უწამლ ვაშლს ჩაიბარებს: ,,თუ ეს და სხვა ქარხნები უწამლ ვაშლს ჩაიბარებენ, მაშინ გაგვაფრთხილონ ხოლმე წინასწარ. ჩვენც აღარ მოვწამლით შხამ-ქიმიკატებით ხილს და ასე ყოველწლიურად ჩავაბრებთ იაფად. თუნდაც 30 თეთრი ღირდეს" - აცხადებს დვანში მცხოვრები როლანდ ქოქოშვილი.

ამჟამად, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, შიდა ქართლში, საწარმოო ვაშლს 8 თეთრად იბარებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები