ახალი ამბები
ხეების საპილოტე ჭრა ძამას ხეობაში (VIDEO)
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო ქარელისა და ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხეების ჭრას ახორციელებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ძამას ხეობაში გადაიდო.

სოფელ იმერხევთან, რომელიც ძამას მარჯვენა შენაკადის, ღვანანას ხეობაში მდებარეობს, მოჭრილი ხის მორები ვრცელ ფართობზეა გაშლილი. სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ  ხეები არ ეკუთვნის რომელიმე კომპანიას:

,,როგორც იცით, მომდევნო წლიდან, ტყეებში აღარც ერთი ლიცენზიატი კომპანია შეძლებს შესვლას. ყველა მათგანის 10-წლიანი ლიცენზია უქმდება. სახელმწიფომ წელს გადაწყვიტა საკუთარ თავზე უზრუნველყოფს ამ პრობლემის მოგვარება. გამოიყო სპეციალური ადგილები, სადაც აუქციონზე მასალას გასაყიდად სახელმწიფო გაამზადებს. ის ხეები, რომელიც თქვენ გადაიღეთ, სწორედ, ამ საპილოტე პროგრამის განხორციელების შედეგად მზადდება" - აცხადებს შიდა ქართლის სატყეო სააგენტოს უფროსი გიორგი ნიკოლეიშვილი.

მისი განმარტებით, შიდა ქართლში ასეთი რამდენიმე ადგილია შერჩეული, მათ შორის, სოფელი იმერხევი. არის ასევე სხვა ადგილები, რომელიც ხაშურის ტერიტორიაზე მდებარეობს: ,,ჯამში, გეგმის მიხედვით, სულ 3 ათასი კბ.მ საშეშე მერქანი მზადდება. ბუნებრივია, ყველა მათგანი სამასალე მერქანი არ იქნება. დარჩენილი ნაწილი გასათბობ შეშად გაიყიდება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, მათ შორის, სკოლებზე." - განმარტავს ნიკოლაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები