ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკიდან თბილისში გადაყვანილ პაციენტების სიკვდილზე ცხინვალი პასუხისმგებლობას იხსნის
“ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ და სხვა ვალდებულებებიც აქვთ შესასრულებელი”. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს უფასოდ მკურნალობა ეკუთვნით.

“1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დაიდო შეთანხმება “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რაიონების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ”. მასში საუბარია 34 მლრდ 200 მლნ რუბლზე, რომლის 2/3 ქართულ მხარეს უნდა დაეფარა იმის რეაბილიტაციისთვის, რაც იმ კონფლიქტის დროს აქ დაატრიალა, ხოლო 1/3 – რუსეთს. რუსეთმა თავისი ვალდებულება დიდი ხანია, შეასრულა, საქართველოსთვის კი იგი დღემდე მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ასე, რომ როდესაც ქართველები დღეს ნიშნის მოგებით ამბობენ, თითქოს უფასოდ გვმკურნალობენ, ეს ასე სულაც არ არის” - აღნიშნა მედოევმა.

ამასთანავე, მისი მტკიცებით, “საკმაოდ მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებმაც საქართველოში იმკურნალეს”.

“სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს [კონფლიქტის ზონიდან] სულ 1212 გასვლა დაფიქსირდა, მათგან 65 პაციენტი იქ [საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] გარდაიცვალა. ამ რაოდენობაში არ შედიან ის პაციენტები, რომლებიც იქიდან რეანიმობილებით დააბრუნეს და შემდეგ აქ გარდაიცვალნენ” - დასძინა მედოევმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიკვდილოიანობის მიზეზი დამოუკიდებელია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე, რადგან პაციენტები საქართველოს კლინიკებში მხოლოდ მას შემდეგ გადმოჰყავთ, როდესაც ადამიანების მდგომარეობა უკიდურესად გართულებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები