ახალი ამბები
ბანში გზა ჩაიკეტა - ერთადერთ მცხოვრებს სახლში მზის ბატარიებს დაუმონტაჟებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანში, ერთადერთ ოჯახში, ელექტროენერგიის მისაღებად მზის ბატარიებს დაამონტაჟებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფარიზეტა თოთროევმა აცნობა.

მისი თქმით, მსოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის მდებარეობა პირადად შეამოწმეს:

,,მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყვნენ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩვენი სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი ახლდა თან. მკითხეს, რამდენი ვიყავით ოჯახში, აქ ვცხოვრობ თუ არა, კიდევ რამდენი ოჯახი ცხოვრობს და ა.შ. როდის გააკეთებენ, არ ვიცი" - - ამბობს ფარიზეტა თოთროევი.

ბანში, ფარიზეტა თოთროევის გარდა, სხვა არავინ ცხოვრობს. მისასვლელი გზა უკვე ჩაიკეტა. იქ, მხოლოდ, ტყისთვის განკუთვნილი სატვირთო მანქანები მოძრაობს. მერის წარმომადგენელი ტერიტორიულ თემში, გივი ელბაქიძე ამბობს, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოების შემთხვევაში, გზა ერთ თვეში კვლავ გაუვალი გახდება.

,,ამ გზას ძირითადად შეშის მანქანები აზიანებს. გაწმენდა შესაძლებელია, თუმცა ერთ თვეში მაინც ისევ ისე იქნება. ფარიზეტას მე დიდი ხანია ვიცნობ. თუ რამ დაჭირდება, მე მირეკავს-ხოლმე" - ამბობს გივი ელბაქიძე.

ფარიზეტა თოთროევმა გვითხრა, რომ იმ დღით პური სოფელ იმერხევიდან ერთმა მოქალაქემ აუტანა: ,,ორი დღეა პური არ მქონდა. დავურეკე იმერხევში ერთ კაცს და იმან ამომიტანა პური. 5 პური მოაქვთ ხოლმე ხაშურიდან ჩემთვის. ერთი კვირა მყოფნის. თუ მრჩება პური, მერე სუხარს ვაკეთებ." - ყვება ფარიზეტა თოთროევი.

,,იმ დღეს საჭმელს ვერ ვჭამდი. არაფერი მინდოდა. პატარა ბავშვივით კალმახი მომინდა. ქვემოთ სოფელში იმერხევში საკალმახე აქვთ. პატარა ბავშვივით ვიძახდი, კალმახი მინდა, კალმახი მინდა-მეთქი. მამაომაც გაიგო ეს ამბავი და იმ კაცმაც, ვისაც კალმახები აქვთ. ჰო და, გამომიგზავნეს კალმახი." - იხსენებს ფარიზეტა თოთროევი.

ფარიზეტა თოთროევს ახლობლები თბილისსა და რუსთავში ჰყავს. ძმის შვილის ოჯახი დედაქალაქში ცხოვრებას სთავაზობს, თუმცა მშობლიური სახლის დატოვებას არ აპირებს. მის შესახებ რეპორტაჯი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრში სამი თვის წინაც მოამზადა.

იხ. ამავე თემაზე

ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები