ახალი ამბები
ერგნეთის სკოლაში მოზარდებთან თანასწორობის შესახებ ისაუბრეს
ერგნეთის საჯარო სკოლაში მეათე კლასელმა მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სპეციალური გაკვეთილი დაუთმეს. აქტივობის ორგანიზატორი მათი სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლია ჩლაჩიძე იყო. მისი განმარტებით, სკოლის ასაკიდანვე თანასწორობაზე საუბარი მოზარდებს დაეხმარებათ ჩამოყალიბდნენ, როგორც ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული აქტივობის პირველ ნაწილში პედაგოგთან ერთად 15 წლის მოზარდებმა კონკრეტული მაგალითები განიხილეს, თუ რა დროს და როგორ ირღვევა ქალთა უფლებები, როდის ხდება ქალი ძალადობის მსხვერპლი და რა მექანიზმები არსებობს სახელმწიფოს მხრიდან მისი დაცვის თვალსაზრისით. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ერთხმად დაგმეს ძალადობა, რაც მათი განმარტებით ნებისმიერი სახით დანაშაულს წარმოადგენს.

თანასწორობასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების თავიდან არიდების გზებზე, ასევე დიალოგის მნიშვნელობასა და  აქტიური მოსმენის პრინციპებზე, მოზარდებს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, ნინო ჩიბჩიურიც ესაუბრა და აღნიშნულ საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით მოზარდები შესაბამის სიმულაციურ თამაშებში ჩართო.

მოგვიანებით მოზარდებმა მათ მიერ შემოშავებული ლოზუნგები გააჟღერეს და მცირე ვიდეო რგოლიც ჩაწერეს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას ეხმაურებოდა. მოზარდების წამოწყებას სკოლის პედაგოგებიც შეუერთდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები