ახალი ამბები
ბრალდებულს, რომელმაც კასპის რაიონში მოხუცს ჯოხით სცემა, 5 წელი მიუსაჯეს
33-წლის მამაკაცს, რომელმაც სოფელ გარიყულაში 80-წლის ქალბატონი დააყაჩაღა, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 23 ნოემბერს მიიღო.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებული სასჯელის შემსუბუქებას ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ უზენაეს სასამართლოში ითხოვდა.

179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2017 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, სოფელ გარიყულაში. 80-წლის ქალბატონს, მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდებული თავს დაესხა.

,,სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ფიზიკური ძალადობითა და დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავე დროს ბრალდებულმა ქალბატონს ჩაარტყა ჯოხი და წააქცია, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

ფაქტის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ პოლიციამ იმავე საღამოს ამავე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ისინი ქალის ყვირილზე გამოვიდნენ გარეთ და ბრალდებული თავიდანვე ამოიცნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები