ახალი ამბები
გორში კარნავალზე ორი მოსწავლე საკვებით მოიწამლა
გორის ერთ-ერთი სჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საახალწლო ღონისძიებაზე ორი მოსწავლე საკვებით მოიწამლა. ამათგან ერთ-ერთს გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა. 

სკოლის დირექტორის განცხადებით, სამედიცინო კლინიკა ,,იავნასას" მედპერსონალმა საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნები დაადგინა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მეორე მოსწავლეს ინტოქსიკაციის ნიშნები მხოლოდ მსუბუქ ფორმებში ჰქონდა გამოვლენილი:

,,ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე დავინტერესდით ამ ფაქტით. როგორც გაირკვა, ეს ორი მოსწავლე ერთმანეთის დეიდაშვილები არიან  და სკოლის ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ ინტერვალს, ღონისძიების დაწყებიდან ინტოქსიკაციის გამოვლენამდე, დიდი დრო არ უნდა ყოფილი გასული. ამ ეტაპზე ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ ექიმის დასკვნით ადგილი ჰქონდა საკვებით მოწამვლას" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი, რესურცენტრის ხელმძღვანელი.

სკოლის დირექტორის თქმით, კარნავალს 100-მდე მოსწავლე ესწრებოდა. მისი განმარტებით, მსგავსი ნიშნები სხვა ბავშვებს არ ჰქონიათ:

,,თავიდან გვითხრა ბავშვმა, რომ ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. მერე ძალიან შევშინდი და მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. იმავე საღამოს გამოწერეს საავადმყოფოდან. სამედიცინო დაწესებულებაში მითხრეს, რომ ინტოქსიკაცია გამოწვეული იყო საკვებით. ეჭვი იმისა, რომ იმ საჭმლით მოწამლულიყვნენ, რაც კარნავალზე ჰქონდათ, გამოირიცხა. იმიტომ, რომ სხვა არავის შექმნია პრობლემები" - განმარტავს სკოლის დირექტორი.

კარნავალი მოსწავლეებისთვის ჩაიშალა. ღონისძიების ამსახველი ფოტოები ამ სკოლის ოფიციალურ გვერდზე არ დევს.

PHOTO copyright: Frank Kovalchek - ,,New year karnaval"
Print

სტატიის გამოყენების პირობები