ახალი ამბები
გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს (VIDEO)
,,კომუნისტური პარტიისა" და საზოგადოება ,,სტალინელების" წევრებმა დღეს საბჭოთა ბელადის დაბადებიდან 140 წლისთავი აღნიშნეს. სტალინელები თავდაპირველად ბელადის მუზეუმთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი, - მთავარი მოედნისკენ გადაინაცვლეს.

აქციის წევრებმა მოედანზე იმ ძეგლის დაბრუნება მოითხოვეს, რომელიც 2010 წელს აიღეს.

სტალინის დაბადების თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს. საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით, ბელადი 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.

ეროვნულ არქივში გორის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერი მოიპოვება, რომელიც 1878 წლით თარიღდება.

ჩანაწერით ირკვევა, რომ სტალინი დაიბადა 6 (18 დეკემბერს) და მოინათლა 17 (29 დეკემბერს). ოფიციალურად მის დაბადების დღედ ცნობილია 21 დეკემბერი.

სტალინის მიერ დაბადების თარიღად 21 დეკემბრის არჩევის მოტივად ზოგიერთი მკვლევარი ასახელებს იმ ფაქტს, რომ 21 დეკემბრიდან დღე ზრდას იწყებს, ღამე კი იკლებს (ზამთრის მზებუდობა).

ჩანაწერში მოცემულია ინფორმაცია: იოსების მშობლები: გორში მცხოვრები გლეხი ბესარიონ ივანეს ძე ჯუგაშვილი და ეკატერინე გაბრიელის ასული. იოსები მოუნათლავს მიხეილ შიოს ძე ციხითათრიშვილს.

ნათლობის საიდუმლო შეუსრულებია დეკანოზ სოლომონ ხახანაშვილს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები