ახალი ამბები
წელს სტალინის მუზეუმს 160 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა
საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდა წელსაც გაგრძელდა. მუზეუმის თანამშრომლების ცნობით, 2018 წელს, დეკემბრამდე, მუზეუმს უკვე ეწვია 160 000 ვიზიტორი.

მზია ნაოჭაშვილის თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ტურისტების რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევდა. საიუბილეო წლებში კი 1 მლნ-საც მიაღწია:

,,დღეს, სტატისტიკას რომ შევხედოთ, ვნახავთ, რომ დამთვალიერებლების რიცხვი იზრდება. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, განსაკუთრებით უცხოეთიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ დასტაბილურდა ვითარება, განვითარდა ტურისტული სააგენტოების მომსახურება. ჩვენც მოგვემატა გიდების რაოდენობა" - აცხადებს მზია ნაოჭაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, გამოიკვეთ ტოპ - 5 ქვეყანა, საიდანაც სტალინის მუზეუმს ხშირად სტუმრობენ. 7 თვის მონაცემები ასე გამოიყურებოდა:

1. ირანი - 13 285; 2. რუსეთი - 12 207; 3. ისრაელი - 3 733; 4. პოლონეთი - 3720; 5. გერმანია - 2 168.

წლის საბოლოო შემაჯამებელ სტატისტიკას მუზეუმის ადმინისტრაცია დეკემბრის დასრულებისთანავე წარმოგვიდგენს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები