ახალი ამბები
პოლიციამ სტალინის ვაგონთან მოსაშარდად მისული მამაკაცი დააკავა
25-წლის მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა ბელადის ვაგონთან მოსაშარდად მივიდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის თანამშრომლებმა განუცხადეს.

სტალინის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის, ლია ოქროპირიძის განცხადებით, დაკავებული მამაკაცის საქმეს შეწყალების კომისია სწავლობს:

,,ეს ბიჭი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. როგორც გავიგეთ, შეწყალების კომისიისთვის ოჯახის წევრებს მიუმართავთ. ჩვენ ვაცნობეთ, რომ დაკავებულ მამაკაცთან არავითარი პრეტენზია გვაქვს. არ არის დაზიანებული ვაგონის კარები, არ არის დაკაგული რამე და ა.შ." - ამბობს ლია ოქროპირიძე.

ახალგაზრდა მამაკაცი ღამით ვაგონთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. ის კიბეებზე ავიდა და ვაგონის კარებთან გაჩერდა. ამ დროს ჩაირთო სიგნალიზაცია. დაცვის პოლიციამ პატრული გამოიძახა და მამაკაცი, რომელიც ვაგონთან იმყოფებოდა, დააკავეს.

თავის ახსნა-განმარტებაში ბრალდებული მამაკაცი აცხადებს, რომ ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და ვაგონთან მოსაშარდად მივიდა და არანაირი განზრახვა ჰქონია ვაგონის გაქურდვის.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მამაკაცი სტალინის ვაგონის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცი სასჯელს უკვე 1 წელია იხდის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეწყალების კომისიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები