ახალი ამბები
ხურვალეთში შშმ პირი რუსმა სამხედროებმა მეორედ დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში 33-წლის მამაკაცი რუსმა სამხედროებმა მეორედ დააკავეს. ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ის, პირველი დაკავების დროს, ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

,,პირველი შემთხვევის დროს, ჯარიმის თანხა არ გადაახდევინეს. ნამდვილად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რადგან უჭირს როგორც მეტყველება, ასევე არ შეუძლია გაერკვეს, სად ე.წ. საზღვარია და სად არა. თუ ოსებმა გაიგეს, რომ ეს ბიჭია დაკავებული, დიდი იმედია, რომ ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გამოუშვებენ ახლაც, რადგან მეზობელ სოფლებშიც იციან მისი მდგომარეობის შესახებ" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა.

დაკავებულ ბიჭს მამის ოჯახი და ნათესაობა გამყოფი ხაზის მიღმა მდებარე ერთ-ერთ სოფელში ჰყავს დარჩენილი და შესაძლებელია ისინიც დაეხმარნონ გათავისუფლებაში. ოთარ სამნიაშვილის დედა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია:

,,ეს ბიჭი ბავშვობაში წინაგარაში ცხოვრობდა. შემდეგ, დედა და შვილი წამოვიდნენ ხურვალეთში. მამა და ბიძაშვილები იქით დარჩნენ. წინაგარაში ამ ბიჭს ყველა იცნობს." - გვითხრეს ხურვალეთში.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში 33-წლის მამაკაცი დღეს დაახლოებით 16 საათზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, სოფლიდან მოსახლეობამ დაკავების ფაქტი დაინახა.

ადგილობრივი მკვიდრი თინა ელკანაური ამბობს, რომ ფერდოებზე დაინახა ბიჭები, რომლებიც გარბოდნენ და მისდევდათ ერთი პიროვნება. შემდეგ გაირკვა, რომ 2 ახალგაზრდას რუსი სამხედრო მისდევდა.

ხურვალეთელებიდან ერთმა გაქცევა მოახერხა, მეორე კი, დააკავეს.

ლუდა სალიას ინფორმაციით, დაკავება იმ გზის სიახლოვეს მოხდა, რომელიც ახალგორის რაიონისკენ მიდის. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალურ საიტებზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები