ახალი ამბები
მამაკაცი, რომელიც რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს, გაათავისუფლეს
ხურვალეთში გუშინ დაკავებული მამაკაცი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ განუცხადა. 

მისი თქმით, დაკავებულის ოჯახმა მამაკაცი გამოსასყიდის გარეშე გამოუშვეს. 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში 33-წლის მამაკაცი გუშინ 23 დეკემბერს დაახლოებით 16 საათზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, სოფლიდან მოსახლეობამ დაკავების ფაქტი დაინახა.

ადგილობრივი მკვიდრი თინა ელკანაური ამბობდა, რომ ფერდოებზე დაინახა ბიჭები, რომლებიც გარბოდნენ და მისდევდათ ერთი პიროვნება. შემდეგ გაირკვა, რომ 2 ახალგაზრდას რუსი სამხედრო მისდევდა.

ხურვალეთელებიდან ერთმა გაქცევა მოახერხა, მეორე კი, დააკავეს.

ლუდა სალიას ინფორმაციით, დაკავება იმ გზის სიახლოვეს მოხდა, რომელიც ახალგორის რაიონისკენ მიდის. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალურ საიტებზე ინფორმაცია  არ გაუვრცელებიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები