ახალი ამბები
გორისა და სოფელ ახალხიზის კათოლიკურ მრევლს ახალი წინამძღვარი ჰყავს
ქალაქ გორისა და სოფელ ახალხიზას კათოლიკურ მრევლს ახალი წინამძღვარი ჰყავს. ამიერკავკასიის კათოლიკური სამოციქულოს ხელმძღვანელის, ჯუზეპე პაზოტოს ხელდასმით გორსა და გორის რაიონში მამა მერაბი (ტატალაშვილი) გამოგზავნეს.

კათოლიკურმა მრევლმა 25 დეკემბერს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

რაც შეეხება სოფელ ახალხიზას, ის მეოცე საუკუნის დასაწყისში დაარსდა. შალიკაშვილების მამული იყიდა დომინიკე მუღაშაშვილმა. მიწის ნაკვეთი თავადაზნაურთა ბანკში იყო ჩადებული და ის სამცხე-ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრას მცხოვრებლებმა გამოისყიდეს.

ოსმალეთთან გართულებული ურთიერთობის გამო დომინიკე მუღაშაშვილმა ხიზაბავრიდან გამოქცეული სხვა ქართველი ქრისტიანები ქართლში ჩამოიყვანა. იყიდეს მამული სოფელ სკრასთან. მეფის რუსეთის დროსვე დომინიკე მუღაშაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს.

პირველმოსახლეობის პერიოდში სოფელს ბეთლემი დაარქვეს, თუმცა საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ, სახელი შეუცვალეს და ახალხიზა (ახალი ხიზაბავრა) უწოდეს. დღეს სოფლის მოსახლეობა ძველი სახელის დაბრუნებას ითხოვს.

 


qartli.ge წერდა, რომ სოფელ ახალხიზაში არსებობს ოჯახი, რომლის წევრები დომინიკე მუღაშაშვილის შთამომავლები არიან.

იხ. ამავე თემაზე:

ბეთლემი გორის რაიონში - დომინიკე მუღაშაშვილის დაარსებული სოფელი


Print

სტატიის გამოყენების პირობები