ახალი ამბები
,,გორში დიდი თოვლი მოვიდა. ყინვებიც დიდი დაიჭირა" – 1902 წლის დეკემბრის ამბები ,,ივერიაში"
,,სასიამოვნო ამბავს გვატყობინებენ გორიდამ: გორელებს გადუწყვეტიათ იანვრიდან დააარსონ სამკითხველო საკრებულო ტაძრის სამრევლო სკოლის შენობაში. ვისურვებთ, რომ ეს განზრახვა ჩვეულებრივ განზრახვადვე არ დარჩეს.“

,,სოფელ დიცის მამასახლისი დაიკარგა კვალ-წმინდად. ამბობენ, 120 თუმანი წაიღო სოფლისაო და წავიდაო. "

,,აქეთ დიდი თოვლი მოვიდა. ყინვებიც დიდი დაიჭირა. ერთი ურია დაახრჩო ნამქერმა დირბის გზაზე."

,,ქარელიდან გვატყობინებენ, რომ ღვინის ფასმა ამ უკანასკნელ ხანს ძალიან აიწიაო. მყიდველიც მოსული სოფლებში ქალაქებიდგან, უფრო კი გორიდან. იშვიათია სოფელი, რომ სირაჯი არ მოსულიყოს საყიდლად."

,,გორში, 22 დეკემბერს, საღამოა დანიშნული საქველ-მოქმედო აზრით. შემოსავალი უნდა მოხმარდეს გორის სამოქალაქო სასწავლებლისა და გორის დედათა პროგიმნაზიის შეუძლებელ შეგირდებს. საღამოს გამგენი არიან: კნ. მაკ. ამირეჯიბისა და ნინო მაკარაშვილისა. "

,,ქალაქის სკოლებში ქართული ენის მასწავლებლებს მოუმატეს თითო გაკვეთილზედ წლიურად ხუთი მანეთი და ამასთანავე სთხოვეს დირექციას, რომ ქართული ენის სწავლება მესამე საათზედ გადმოიტანონ. ახლა-კი ქართული ენის სწავლებისათვის დანიშნულია სწორედ მეოთხე და მეხუთე საათი."

გაზეთი ,,ივერია, 1902 წელი, დეკემბერი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები