ახალი ამბები
რუისთან მდებარე თევზის ქარხანას დეპარტამენტმა გზა გადაუკეტა
კომპანია ,,უმალის" დღეს მისასვლელი გზა არა აქვს. ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია. ქარხანაში ერთადერთი საავტომობილო გზა ავტობანიდან შედის, თუმცა, საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, გადაკეტილია.

საწარმოს გენერალური დირექტორი ლაშა შარაშენიძე qartli.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუ არა გარკვეული სახის გარემოებები, ის არც იფიქრებდა კონკურენტების სასარგებლოდ საგზაო დეპარტამენტის ჩართვაზე:

,,ახლა ამაზე ძნელია საუბარი, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენს მიერ წარდგენილ პროექტს საგზაო დეპარტამენტი არ ამტკიცებს. კერძოდ, მზად ვართ ჩვენი ძალებით მისასვლელი გზა მოვაწყოთ თანამედროვე სტანდარებით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მასალებით, გზის მანიშნებლებით და ა.შ. როგორც ამას მაგალითად ბენზინგასამართ სადგურებთან ხედავთ. თუმცა საგზაო დეპარტამენტი არანაირ წინადადებაზე მოდის" - აცხადებს ლაშა შარაშენიძე.

ამჯერად, საწარმოს მანქანები შემოვლითი, სოფელ რუისის ვენახების გზიდან შედის. ამ გზაზე სატვირთო მანქანებს მოძრაობა არ შეუძლიათ. ქარხნის მესაკუთრე ამბობს, რომ ტრაილერებიდან ტვირთის გადაზიდვა პატარა მანქანებზე უწევთ და ასე ახერხებენ ნედლი პროდუქტის მიტანას ადგილამდე.

,,უმალის" პრობლემის შესახებ ინფორმაცია გუშინ ,,ბიზნეს მედია ჯგუფმა" გაავრცელა. qartli.ge სწორედ იმ საწარმოთი დაინტერესდა, რომელიც გასულ წელს ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდა.

,,უმალი" დააფუძნა კომპანია ,,ახალი თევზი". საწარმო 2017 წელს გაიხსნა და ოფიციალურ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი, შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორი და პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

„ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, „ახალი თევზი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი თევზის გადამამუშავებელი ქართული საწარმოა, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება რეგიონში საკალმახე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები