ახალი ამბები
,,ერთმანეთთან კარგი და თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ" - გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 50-წლის ქალი დააკავეს
გორის შს სამმართველომ გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. დღეს დილით 11 საათზე 50-წლის ქალი ბრალდებულის სტატუსით დააკავეს.

პოლიციას მტკიცებულების სახით, მხოლოდ, აღიარებითი ჩვენება გააჩნია. ბრალის შინაარსი, სწორედ, აღიარებით ჩვენებას ეფუძნება.

მკვლელობაში ბრალდებული ქალი იმ ბინაში ცხოვრობდა ქირით, რომელიც 74-წლის ქალს ეკუთვნოდა. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ:

,,ამას წინათ წყალი ჩამოვიდა ზემოთ სართულიდან, არ ვიცოდი, კონკრეტულად, რომელი ბინიდან. ჯერ მესამე სართულზე ავედი, შემდეგ მეოთხეზე. სწორედ, მაშინ შევამჩნიე, რომ ერთმანეთთან კარგი და თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ" - აცხადებს ერთ-ერთ მეზობელი.

გარდაცვლილი და ბრალდებული მეოთხე სართულზე მეზობლად ცხოვრობდნენ. ბინა რამდენიმე თვის წინ გაქირავდა: ,,საკმაოდ დიდი ხანია, რაც იქირავა, შეიძლება ითქვას თვეებია. თუმცა ჩვენთვის უცნობია ერთი ადამიანი ცხოვრობდა გაქირავებულ ბინაში თუ სხვაც იყო კიდევ." - ამბობენ ოჯახის ახლობლები.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ოჯახის უფროსმა შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. პოლიციისვე ინფორმაციით, ბრალდებულმა ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა.

XXXX
Print

სტატიის გამოყენების პირობები