ახალი ამბები
სასამართლომ 74-წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
გორის სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ 74-წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს საღამოს მიიღო.

პროკურორის, ნათია გუგუტიშვილის მოთხოვნა გაიზიარა ბრალდებულის სახაზინო ადვოკატმაც, თუმცა აღნიშნა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

სახაზინო ადვოკატის, გიგა ჯეირანაშვილის განცხადებით, პროკურორის მოთხოვნას, წინასწარი პატიმრობის შესახებ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეთანხმება. ,,ჩვენ ვეთანხმებით პროკურორის შუამდგომლობას. ვითვალისწინებთ, იმ ვითარებას, რაც არსებობს და ამიტომ თანახმა ვართ პატიმრობის გამოყენების" - განაცხადა გიგა ჯეირანაშვილმა.

პროკურორ ნათია გუგუტიშვილის თქმით, გორში, 74-წლის ქალი 28 დეკემბერს, საღამოს დაახლოებით 19:30 წუთზე მოკლეს. მან იგივე გაიმეორა, რაც შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. იქვე განმარტა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის შესაძლო სხვა გარემოებების გამოსავლენად.

ნათია გუგუტიშვილის თქმით, მკვლელობა 250 ლარად შეფასებულ ოქროს სამკაულს უკავშირდება. პოლიცია აცხადებს, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის შელაპარაკება სწორედ სამკაულის ქურდობას უკავშირდება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, უცნობი დარჩა, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია პოლიციას.

,,დღეს ამ შუამდგომლობას ვეთანხმებით, მაგრამ მომავალში რა პოზიციას დააფიქსირებს ბრალდებული, ეს არსებითი განხილვის დროს, გაირკვევა" - აღნიშნა სახაზინო ადვოკატმა.

2018 წლის 29 დეკემბერს, დილით, 74-წლის ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 74-წლის ქალი თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ბრალდებული 50-წლის ქალია, რომელიც გარდაცვლილის ბინის გვერდით ქირით ცხოვრობდა და მისივე მდგმური იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები