ახალი ამბები
გორში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - ოჯახს პრეტენზია ექიმებთან აქვს
დღეს, საღამოს, გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით,  სოციალურად დაუცველი იყო და დიალიზის პროგრამაში იყო ჩართული.

ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ოჯახის წევრებს პრეტენზია  იმ პროგრამასთან დაკავშირებით აქვთ, რაც დიალიზთან დაკავშირებით ხორციელდება:

,,ერთი ეგ ვიცი, რომ დიალიზზე იყო ეს ბიჭი. ერთი სოფლიდან ვიყავით. სხვა არაფერი ვიცი, სამწუხაროდ" - გვითხრა მისმა მეგობარმა. კორპურსის ეზოში მდგომმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა.

30-წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ,,ამ ეტაპზე გამოძიება 115-ე მუხლის მიხედვით დავიწყეთ, თუმცა შესაძლებელია ძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდეს. რაც შეეხება პრეტენზიას, ჩვენს მიმართ არა, უფრო სხვა უწყებისკენ გამოთქვეს" - აღნიშნავენ შსს-ში. ოჯახის წევრებმა პრეტენზია პოლიციელების თანდასწრებით სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამოთქვეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა.

დიალიზის პროგრამას საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ,,თირკმლების ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლოა თირკმლის ქრონიკული დაავადების თავიდან აცილება." - წერია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში, რომელიც ექიმებისთვისაა განკუთვნილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები