ახალი ამბები
გამთენიისას მეტეორების ცვენა გორიდანაც გამოჩნდება
2019 წლის 4 იანვარს, შუაღამეს, ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, მეტეორების ცვენა დაიწყება. ე.წ. კვადრანდიტების რაოდენობა საათში რამდენიმე ასეულს მიაღწევს.

ევროპაში მეტეორების წვიმას შუაღამეს დაინახავენ, საქართველოში კი, მისი დანახვა თბილისის დროით დილის 7 საათზე გახდება შესაძლებელი.

earthsky.org-ის ცნობით, 4 იანვარს, მეტეორების დანახვის საუკეთესო საშუალება არსებობს, რადგან ახალმთვარეობაა და ცა დაბნელებული იქნება.

ამავე ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს კიდევ იქნება მეტეორების წვიმა - პერსეიდები აგვისტოში, ჯემინიდები დეკემბერში.

მეტეორული ნაკადი — მეტეორების ერთობლიობა, რომლებიც ხანგამოშვებით ან ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე თარიღებშია შესამჩნევი. ნაკადის გამომწვევი მეტეორული სხეულები ერთადაა წარმოქმნილი და მოძრაობენ პარალელურად, რის გამო ცის თაღზე მათი ხილული გზები თითქოს ერთი წერტილიდან, ეგრეთ წოდებული რადიანტიდან გამოდის.

მეტეორული ნაკადების დანახვა შესაძლებელია მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი მეტეორული სხეულების გუნდების დედამიწის ატმოსფეროსთან შეხვედრისას.

კომპაქტური გუნდები მეტეორულ წვიმას იწვევს; მეტეორულ ნაკადებს სახელს არქმევენ იმ თანავარსკვლავედების მიხედვით, რომლებშიც მათი რადიანტებია, ან უახლოესი ბრწყინვალე ვარსკვლავების მიხედვით.

შესწავლილია რამდენიმე ასეული მეტეორული ნაკადი. მათი უმრავლესობის ორბიტები უახლოვდება მოკლეპერიოდიანი კომეტების ორბიტებს. ამით დასტურდება, რომ მეტეორული ნაკადები წარმოიქმნება კომეტების ბირთვების დაშლით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები