ახალი ამბები
გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს
,,მეგობრობის ბაღში" მყოფი ერთადერთი დათვი გისოსებს ლოკავს. საკვების სიმცირის გამო ნამცეცებზეც არ ამბობს უარს.

კავკასიურ მურა დათვს ღამით მისთვის საგანგებოდ მოწყობილ ბუნაგშიც კი არ სძინავს, რადგან იქ წყალი იყო ჩამდგარი. ჩვენი მისვლის დროს, ახალ წლამდე, ერთი დღით ადრე, ბეტონის კედელზე იყო ამძვრალ, სადაც ეძინა.

გორის მინი ზოოპარკში, ზამთრის პერიოდში, დამთვალიერებელი თითქმის აღარ მიდის. მურა დათვს საკვებს აღარც მნახველები უყრიან.

qartli.ge დაინტერესდა, თუ რით კვებავენ დათვს. აღმოჩნდა, რომ ნოემბრის თვიდან მისთვის 750 კგ ვაშლი შეუძენიათ (1 კგ 30 თეთრად), ხოლო 12 დეკემბრის ხელშეკრულებით,  (და მათ შორის სხვა ცხოველებისთვის) 105 კგ ქათმის ხორცი უყიდიათ.

1 კგ ქათმის ხორცში გორის კეთილმოწყობის სამსახურმა 1 ლარი გადაიხადა.

სულ ნოემბერ-დეკემბერში აღნიშნულ სამსახურში შეძენილია:

ქათამი - 105 ლარი
ვაშლი - 225 ლარი
სიმინდი/ ხორბალი - 274 ლარი
პური - 108 ლარი

სულ 712 ლარის ღირებულების საკვები, როგორც დათვისთვის, ასევე, ფრინველებისთვის.

ამავე პერიოდში, ნოემბერში, გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ შეიძინა 1045 ლარის ღირებულების სავარძლები, აქედან ტყავის სავარძლის ღირებულება შეადგენს 495 ლარს. დანარჩენი ბადის ზედაპირიანი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ არასტანდარტული ვოლიერების გამო ცხოველთა დამცველები მინი ზოოპარკის გაუქმებას ითხოვენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები