ახალი ამბები
თორტიზაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები H1N1 ვირუსის მიზეზს გამორიცხავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში 39-წლის ქალის გარდაცვალების მიზეზებს შორის, ღორის გრიპის ვირუსის არსებობას გამორიცხავენ. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

მათი თქმით, ქალბატონს ფილტვების ანთება ჰქონდა და სიკვდილის მიზეზიც, სწორედ, ამას უკავშირდება.

,,არანაირი ღორის გრიპი არ ჰქონდა. ფილტვების ანთება გაურთულდა, რადგან ოჯახური პრობლემების გამო, დროულად ვერ მივიყვანეთ საავადმყოფოში." - აცხადებენ ოჯახის წევრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ქალბატოს სწორედ ღორის გრიპით გარდაიცვალა. ამის შესახებ qartli.ge-ს განუცხადა დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსი, რომელსაც ქალბატონი ატარებდა, სწორედ, ამ ტიპის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი.

ამავე ცენტრის ცნობით, მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი.

39-წლის ქალი სოფელ თორტიზაში ცხოვრობდა. ის 2 იანვარს გორის ჰოსპიტალში მიიყვანეს. იმის გამო, რომ ჰოსპიტალში შესაბამისი ხელსაწყო არ ჰქონდათ, გვიან ღამით, გორმედში მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

,,კატასტროფის სამსახურის მიერ, 3 იანვარს, ღამის პირველის ნახევარზე, გორის ჰოსპიტალიდან გადმოიყვანეს პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და სუნთქვის მძიმე, ფაქტობრივად დეკომპენსირებული უკმარისობა. ანამნეზიდან ირკვევა, რომ ამ ქალბატონს 7 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და გორის ჰოსპიტალში გუშინ, 2 იანვარს მიიყვანეს, საიდანაც გადმოყვანა მოხდა ,,გორმედში“. რაც შეეხება გადმოყვანის მიზეზს, როგორც ჩვენთან კატასტროფის ჯგუფმა განაცხადა, ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილი არ იყო. შემოყვანისთანავე პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, დაუყოვნებლივ დაიწყო საკმაოდ აგრესიული რესპირატორული მხარდჭერა. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის თუნდაც სტაბილიზაცია და დილის 5 საათისთვის, გულის გაჩერებით პაციენტი გარდაიცვალა. ანამნეზურად რომ გრიპი იყო, ეს ფაქტია. გეტყვით იმასაც, რომ როგორც ანამნეზიდან ირკვევა და ოჯახის წევრებმაც გვითხრეს, პაციენტს ჰქონდა გულის მანკი". - აღნიშნავს დავით ყაზაიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები