ახალი ამბები
ნიქოზში საშობაო ლიტურგია მეუფე ისაიას გარეშე ჩატარდა
ნიქოზის საკათედრო ტაძარში შობას მეუფე ისაიას გარეშე შეხვდნენ. საშობაო ლიტურგია ღვთაების ტაძარში მოძღვარმა ჩაატარა.

ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ისაია კი ახალგორის რაიონშია. ის საშობაო ლიტურგიას სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღავლენს.

საზეიმო წირვა-ლოცვას ნიქოზში უამრავი ადამიანი დაესწრო. ტაძარი ცხინვალიდან სულ რაღაც 1 კმ მანძილზე მდებარეობს.

ტაძარი უძველესია. მისი პირველი სამშენებლო ფენა V-VI საუკუნეებით თარიღდება. ჯუანშერის ცნობით, ეკლესია ვახტანგ გორგასლის დაკვეთით ააშენეს. უძველესი ქართული წარწერის მიხედვით, ეკლესიის პირველი წინამძღვარი ეპისკოპოსი ზაქარია იყო.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ტაძარს რესტავრაცია გიორგი საძაგლიშვილმა ჩაუტარა (შემდგომში კათალიკოსი კირიონი).

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია 1995 წლის 9 აპრილს აღდგა. მის წინამძღვრად ისაია (ერისკაცობაში ზურაბ ჭანტურია) დანიშნეს. მეუფე ისაიას ძალისხმევით ეპარქიაში ამოქმედდა ნიქოზის ამაღლების, ავნევის ღვთისმშობლის შობის, ქურთის ყოვლადწმიდა სამების, ლარგვისის თეოდორე ტირონის, იკორთას ალექსი ბერის სახელობის დედათა მონასტერი, ავლევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი.

2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ეპისკოპოს ისაიას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.

2018 წლის 10 დეკემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის მიტროპოლიტი ისაია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები