ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო 11 იანვრამდე 10 000 კოლოფ ,,ტამიფლუს" შვეიცარიიდან შემოიტანს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 იანვრამდე, საქართველოში, სტრატეგიული მარაგის შექმნის მიზნით, შვეიცარიით 10 000 კოლოფ ანტივირუსულ პრეპარატს შეიძენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 4 იანვარს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღეს.

სამინისტროს ცნობით, პრეპარატის შესაძენად 153 000 დოლარი დაიხარჯება. სტრატეგიული მარაგის შექმნა ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებმა გამოიწვია, რომლის მიხედვით საქართველოში გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) შემთხვევების მატება ორმოცდამეშვიდე - ორმოცდამერვე კვირიდან დაიწყო.

,,ამ ეტაპისთვის დაფიქსირებულია გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მაჩვენებლი 277 - 100 ათას მოსახლეზე. თვალსაჩინოა მატება (56 ერთეულით) წინა კვირასთან შედარებით (221). აღინიშნა, რომ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI- 41,6%) წილი ჰოსპიტალიზაციაში მკვეთრადაა მომატებული, მათ შორის ბავშვთა ასაკში (37,8%), რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან პაციენტების დიდი ნაწილი პირველადი ჯანდაცვის სამსახურების გვერდის ავლით, პირდაპირ სტაციონარებს მიმართავს.

აღნიშნული მაჩვენებლები დამახასიათებელია გრიპის სეზონისათვის და არ უტოლდება ქვეყანაში დადგენილ ეპიდემიოლოგიურ ზღვარს (450-500 ახალი შემთხვევა 100000 მოსახლეზე)." - აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაში.

ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება შემთხვევების მატება, ძირითადი გამომწვევი A/H1pგრიპის ვირუსის ქვეტიპით. ევროპის რეგიონის 44 მონაწილე ქვეყნიდან წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 21 იტყობინება გრიპის ფონური ინტენსივობის, 20 - დაბალი და 3 (სომხეთი, საქართველო, უკრაინა) - საშუალო ინტენსივობის შესახებ.

საქართველოში ბოლო მონაცემების მიხედვით მიმდინარე სეზონის განმავლობაში სულ გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული 144 შემთხვევა, აქედან: 140 - A/H1p; ხოლო 4 – A/H3; გრიპის ვირუსის ქვეტიპი.

A/H1p ცირკულირებდა 2009-2010; 2010-2011; 2012-2013; 2015-16 წლების გრიპის სეზონებზე. ყველა ამ სეზონზე რეგისტრირდებოდა ILI სა და SARI ს მაღალი მაჩვენებლები. გრიპის ვირუსის A/H1p პანდემიური ქვეტიპი ხასიათდება მაღალი ვირულენტობით და უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობით.

,,ამ დროისთვის დაფიქსირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპით (A/H1p) გამოწვეული 6 (ექვსი) ლეტალური შემთხვევა. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გავრცელების კონტროლისთვის, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ანტივირუსული პრეპარატ ოსელტამივირის (სავაჭრო დასახელება ტამიფლუ" 10 000 კოლოფის შემოტანა სტრატეგიული მარაგის შექმნის მიზნით." - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები