ახალი ამბები
ტელეფონთან ხშირი კომუნიკაციის გამო გორში ქალი ცემეს
შიდა ქართლის პოლიციამ 1-დან 5 იანვრის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ფაქტზე 4 მამაკაცი დააკავა. აქედან წინასწარი პატიმრობა ერთს შეუფარდეს. დანარჩენ სამს კი, გირაო - 1000 ლარის ოდენობით.

მამაკაცები სასამართლო პროცესზე აცხადებენ, რომ მეუღლესთან კონფლიქტი არანაირად წარმოადგენს ძალადობას. ამ შემთხვევას მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები მხოლოდ მცირედ უთანხმოებას უკავშირებენ.

გუშინ გორის მოსამართლემ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვით,  ძალადობა ტელეფონს უკავშირდება. 45-წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში ცხოვრობს, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როდესაც ის ტელეფონით სარგებლობდა.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის ბრალდების მიხედვით, ქალს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
ოჯახური ძალადობის თემას გუშინ საქართველოს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეთი გამოეხმაურა. პატრიარქის განცხადებით, ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, განსაკუთრებით მძიმე კვალს მშობლების განშორება ტოვებს.

„რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას: ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ. გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს.

სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის.

მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი“, – აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები