ახალი ამბები
რთულ წლებში შექმნილი ნახატები გორის საშობაო გამოფენაზე
,,ქართლის პალიტრა" - ასე ეწოდებოდა საშობაო გამოფენას, რომელიც გორის სამხატვრო სკოლაში, 25 დეკემბერს, გაიხსნა. ანა ფერაძის სახელობის სკოლაში რეგიონში მცხოვრები მხატვრების ნახატები გამოფინეს.

მათ შორის, რეალიზმის კატეგორიაში ოქროს მედლის ჯილდოს მფლობელის, გელა ფილაურის ნამუშევრებიც მოხვდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. გელა ფილაურის თქმით, გამოფენაზე წარდგენილი ნახატები ქვეყნის რთულ პერიოდში შექმნილი ნამუშევრებია.

,,ჩვენმა ქვეყანამ ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, ეს ბოლო 20-25 წელი საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში გამოვიარეთ. ეს ნახატები ძირითადად სწორედ ამ პერიოდშია შექმნილი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ხელოვნებამ უნდა გადაარჩინოს" - ამბობს გელა ფილაური.

გელა ფილაური მეუღლესთან, ანჟელინა დამენიასთან ერთად, გამოფენებს თითქმის ყოველწლიურად აწყობს. 10 იანვრიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ აერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით ,,ხელოვნების კვირეული ისრაელში". გამოფენა 20 იანვრამდე გაგრძელდება და თელავივის კულტურის ცენტრში მოეწყობა.

მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018 წელი. მათი ნამუშევრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6 მარტს კი ,,არტ პროექტი ნიუ-იორკ"-ის მონაწილეები იყვნენ. 9 ივლისიდან 13 ივლისამდე კი რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა. 25 ივლისს აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში ,,ლურჯი აბსტრაქცია" მიიღეს მონაწილეობა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები