ახალი ამბები
დაძაბული შეხვედრა მერსა და მოვაჭრეებს შორის

 

,,ისრაელი - საქართველოს პროექტების მართვის" კომპანია ახალ ბაზარს, წმინდაწყლის დასახლებაში ფლობს. მის ტერიტორიად ითვლება, ასევე, ძველი ბაზარი. ადგილმდებარეობის შეცვლის დროს უცხოურმა კომპანიამ ვალდებულებად ის გარემოება აიღო, რომ ძველ ტერიტორიაზე აგრარული პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა აღარ განახორციელოს.

 

მერთან შეხვედრაზე მყოფმა მოვაჭრეებმა  განაცხადეს, რომ უცხოური კომპანია ძველ ადგილზე ბაზრის აღდგენის მომხრეა. ამ ინფორმაციას ზურაბ ჯირკველიშვილი არ დაეთანხმა და ინვესტორის მხრიდან ამდაგვარი ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციად ჩათვალა. მისი თქმით, სწორედ ეს უცხოური კომპანია, დაახლოებით 9 - ჯერ გაგზავნილი წერილით, ითხოვს, რომ ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობა აიკრძალოს.

 

,,მაგ ინვესტორს სასამართლოში წასვლა არ უნდა და ხელს მერიისკენ იშვერს. რა შუაშია მერია კერძო საკუთრებასთან? თუ კერძო მესაკუთრეს სურს, რომ მისი ტერიტორიიდან გარევაჭრობა აიკრძალოს, მერიას კი არ უნდა მიმართოს, არამედ - პოლიციას და სასამართლოს" - განაცხადა ჯირკველიშვილმა.

 

,,კანონი არ აძლევს მერიას იმის საშუალებას, რომ სხვის კერძო საკუთრებაში რაიმე ქმედება განახორციელოს. მე რომ თქვენს კერძო საკუთრებაში შემოვიდე და რამე მოვითხოვო, შემომიშვებთ? რომ იცოდეთ, ეს თემა მარტო ჩვენი  და ამ ქალაქის პრობლემა არაა. აქ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზეც არის საუბარი." - განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ ნუკრი ჯოხაძემ, რომელმაც აქცენტი საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობაზე გააკეთა. უცხოური კომპანია უკვე საერთაშორისო არენაზე საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს.

 

,,თუ კანონი ხალხს არ მოემსახურება, მაშინ ეს რა კანონია. თქვენ ხომ ხალხმა აგირჩიათ? თქვენ ხომ გევალებათ, რომ მშიერ ხალხს დაეხმაროთ. თქვენი იმედი გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდით. აქ ყოფნას რაღა აზრი აქვს" - ასეთი შედეგით დასრულდა მერისა და მოვაჭრეთა შეხვედრა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები