ახალი ამბები
ვისაც 2-ზე მეტი ნათლიის ყოლა სურს, რუის-ურბნისის ეპარქიაში მიდის
შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ნათლობის მსურველთა რიცხვი იზრდება. ხალხის სიმრავლით ყველაზე მეტად რუის-ურბნისის ეპარქიის ეკლესიები გამოირჩევა.

როგორც ირკვევა, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედ ტაძრებში განსხვავებული მიდგომაა.

მაგალითად, თუკი გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმსახურნი 2-ზე მეტი ნათლიის ყოლის უფლებას არ აძლევენ, სამაგიეროდ, რუისისა და ურბნისის ეკლესიებში ნათლობის დროს 3 და 4 ადამიანიც მიდის მოსანათლად.

qartli.ge დაუკავშირდა სამივე ეპარქიას, თუმცა წერილობით მხოლოდ რუის-ურბნისისა და ხაშური-სურამის ეპარქიებიდან მივიღეთ. გორის ეპარქიაში კი, განმარტება იღუმენმა საბამ (კარელიძე) გააკეთა.

ხაშური-სურამის ეპარქია: - ,,ტაძარს თქვენი სურვილისამებრ არჩევთ და ასევე მოძღვარსაც, შესაბამისად დეტალებზე თქვენს მიერ შერჩეულ ეკლესიაში გაგარკვევენ"

რუის-ურბნისის ეპარქია: - ,, მიზანშეწონილი არ არის ერთზე მეტი ნათლია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მშობლების დაჟინებული თხოვნა არის ხოლმე, მოძღვრები გამონაკლისის სახით უშვებენ. წესით ნათლია ერთია, დნარჩენები არიან მიმრქმელები."

გორი-ატენის ეპარქია: - ,,ნათლია ერთია, თუმცა ჩვენთან ნათლობის დროს 2-ზე მეტი პირის ყოფნის უფლებას არ ვაძლევთ. 3 და 4 ნათლია არ შეიძლება. ამ ორიდან კი ნათლია ისაა, ვინცა ბავშვს წყლიდან ამოიყვანს".

ქრისტიანული მსოფლმხედველობის მიხედვით, ნათლობის შედეგად მორწმუნე ღმრთის შვილად იქცევა, საეკლესიო საკრებულოს წევრი ხდება და მას პირველქმნილი და პიროვნული ცოდვები მიეტევება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები