ახალი ამბები
9-წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში არსებითი განხილვა 21 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროკურატურამ წინასწარი გამოძიების გაგრძელების უფლება მოითხოვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად მაქსიმალური ვადა 9 თვეა.

გიორგი გელხაურის ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდა იმ ურიკაზე აღმოჩენილი ანაბეჭდების კვლევა, რომლითაც გოგონა ლიახვის სანაპიროზე მიიყვანეს. ექპსერტიზის მიხედვით, ურიკაზე აღმოჩენილი ანაბეჭდი არ ეკუთვნის ბრალდებულს. ბრალდებულის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა ასევე სარეცხი საშუალების ბოთლზე, რომლითაც, გამოძიების ვერსიით,  ბრალდებულმა  კვალი წაშალა.

ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ ექპსერტიზა აგრძელებს გოგონას სისხლის კვალის შესწავლას. იმ შემთხვევაში, თუ ურიკაზე გოგონას სისხლის კვალი დადასტურდა, გამოძიებას სხვა პირთა გამოვლენისთვის გამოძიების წარმოება მოუწევს.

ბრალდებულის ადვოკატის, მაია გრიგოლიშვილის თქმით, დაკავებული კვლავაც დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, გორში, 2018 წლის 25 ოქტომბერს, 9-წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის ცნობით, ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზად ჰაერის უკმარისობა (გაგუდვა) დაადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები