ახალი ამბები
ატენის ზევით სოფელ დრეს მიენიჭება დასახლების სტატუსი
სოფელში 1990-იანი წლების დასაწყისამდე ძირითადად ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ადგილობრივებმა სოფელი დატოვეს.

გორის მუნიციპალიტეტში, ტანას ხეობაში მდებარე ნასოფლარს დასახლების სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 11 იანვრის სხდომაზე მიიღებს.

მერიის მოთხოვნით, ტერიტორია სოფელ ატენისგან გაიმიჯნება და ცალკე დასახლებული პუნქტი შეიქმნება.

2002 და 2014 წლების აღწერის მიხედვით, იქ აღარც ერთი მოქალაქე ფიქსირდება. სოფელში ფოტოები 2015 წელს გორის ფოტოგრაფთა კლუბის წევრებმა გადაიღეს. ფოტოგრაფებმა ნახეს, რომ სახლ-კარს ზაფხულობით მხოლო ერთი ოჯახი აკითხავს.

დრის შესახებ qartli.ge-მ ინფორმაცია საბჭოთა სტატისტიკის კრებულშიც მოიძია. აღმოჩნდა, რომ არსებობდა ცალკე დრის სასოფლო საბჭო, რომელსაც თავის მხრივ სხვა პატარა სოფლები შედიოდა.

ასე მაგალითად, 1940 წლის სტატისტიკით, დრის სასოფლო საბჭოში 244 კომლი ირიცხებოდა. ეს 244 კომლი ნაწილდებოდა შემდეგ სოფლებზე:

სიქალეთი - 36 კომლი
ლევიტანა - 22 კომლი
ველები - 18 კომლი
ურიული - 20 კომლი
დრე - 58 კომლი
სანდისი - 22 კომლი
დიდი წერეთი - 34 კომლი
იკნევი - 34 კომლი.

1987 წლამდე კომლთა რაოდენობა თითოეულ სოფელში შემცირდა. მოსახლეობის უმრავლესობა ბარის სოფლებში გადავიდა. შემცირებული დასახლებების ნაწილი ატენის სასოფლო საბჭოს შეუერთეს, ნაწილი ქვახვრელს და ა.შ.

1987 წლის მონაცემებით, საკუთრივ დრის მოსახლეობა შეადგენდა 14 კომლს 107 სულით.

ენციკლოპედიის მიხედვით, დრე ისტორიული სოფელია. ის თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1420 მ , გორიდან 28 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

,,დრე" პირველად მოიხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ტანის ხეობის სოფელთა სიაში. იგი გარკვეულ როლს ასრულებდა ქართველი ხალხის მიერ გარეშე მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, იცავდა ატენს მტრის შემოსევისაგან.

XIX ს. 40-იან წლებში დ-ში მოქმედებდა ანდრეევსკის ტყავის ქარხანა. 1863 მაისში მებატონე ერისთავებმა დრეს გლეხებს გადასახადი გაუდიდეს (შეაწერეს 2000 მან. და 45 კაპ.). გლეხებმა უარი განაცხადეს გადასახადის გადახდაზე, რისთვისაც მთავრობამ სოფელში ეგზეკუცია ჩააყენა, მოსახლეობა ააწიოკა და აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მებატონეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები