ახალი ამბები
ვინ ფიგურირებს გორის დათვისთვის შესყიდულ ტონობით ვაშლის საქმეში
გორის დათვის ტყვეობა გრძელდება. გორის მერია qartli.ge-ს არ პასუხობს კითხვაზე, თუ რატომ არ გადაჰყავთ ახალბაღის პარკის გისოსებში გამოკეტილი დათვი ცხვარიჭამიის დათვების თავშესაფარში.

მერის, კოტე თავზარაშვილის უწყების პრეს-სამსახური აცხადებს, რომ პასუხის აუცილებლად მივიღებთ.

პასუხს არ გვცემს კეთილმოწყობის სამსახურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ირმა ბუზიაშვილიც. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელმძღვანელს აუცილებლად დაელაპარაკება, თუმცა მას შემდეგ 1 კვირა გავიდა.

გუბერნატორის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პასუხი მერიას უნდა მოსთხოვონ.

qartli.ge-მ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, გორის კეთილმოწყობის სააგენტო ვაშლს დათვისთვის გორის შს სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მამისგან ყიდულობს. ხელშეკრულებაში მითითებული სახელი და გვარი მამას და შვილს ერთი აქვს.

თავდაპირველად, qartli.ge წერდა, რომ ვაშლი პოლიციელს ეკუთვნოდა, თუმცა, პირადი ნომრის მიხედვით, ვაშლის რეალიზაციას მამასთან ახორციელებენ.

1 კგ ვაშლის ღირებულებას მერია 30 თეთრად იბარებს, მაშინ როდესაც, იგივე ხარისხის ვაშლს გლეხები საწარმოებში 10 თეთრად აბარებენ.

დათვების თავშესაფრის დირექტორი სოსო ჯიქურაშვილი ამბობს, რომ სასწრაფო უნდა დასრულდეს დათვის ტყვეობა. მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და ასევე დათვების თავშესაფრის საიტზე მერიას ოციციალურად მიმართა. მერიაში განუცხადეს, რომ განცხადება წერილობით უნდა მიმართოს.

გორის დათვის შესახებ qartli.ge არაერთხელ წერდა. 2017 წლის ზაფხულში ადგილობრივი ხელისუფლება ცხოველთა დამცველებს დაპირდა, რომ დათვს გადაიყვანდნენ შესაფრის ადგილზე.

ამავე თემაზე:


გორის დათვს ცხვარიჭამიაში ეპატიჟებიან - ხელისუფლებამ ტრანსპორტირების თანხა ვერ გამოძებნა


გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები