ახალი ამბები
ქვახვრელში წყლის ახალი სისტემა 127-ჯერ დაზიანდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის სისტემა, 2018 წელს, 127-ჯერ დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააცნეს.

ააიპ ,,წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის" წარმომადგენლების ცნობით, წლის განმავლობაში, აღნიშნული სამსახურიდან თანამშრომლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 514-ჯერ გავიდნენ.

რაც შეეხება სოფელ ქვახვრელს, აქ სასმელი წყლის სისტემა 2016-2017 წლებში დაამონტაჟეს. იმის ნაცვლად, რომ საქმე 6 თვეში დასრულებულიყო, კომპანიებმა სამუშაოები 2018 წლამდე გააგრძელეს. დამთავრებულ სისტემიდან კი, 2018 წელს, წყალმა სხვადასხვა ადგილას ამოხეთქა. ამის თაობაზე (მაგალითად, 70 დაზიანების შესახებ)_ ადრეც ვწერდით. წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ დაზიანებების რაოდენობამ 127-ს მიაღწია. ქვახვრელში საჭირო გახდა ასევე ორი შემკრები ჭის ამორეცხვაც.

qartli.ge-ისთვის მიწოდებულ წერილში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურმა ანგარიშის სახით წარადგინა სხდომაზე, აღნიშნულია, რომ ქვახვრელის გარდა რემონტი ჩაუტარეს შემდეგ სოფლებსა და დასახლებებში არსებულ სისტემებს:

მაგალითად: ჭალის დასახლებაში მოაწყეს სპორტკომპლექსის გარექსელი 124 მ სიგრძით; მეღვრეკისში სადაწნევო კოშკი შეცვალეს; ახრისში ახალი ავზი დაამონტაჟეს (50 ტონიანი); სისხლის გადასხმის სადგურში დევნილებისთვის კანალიზაციის მილი შეაკეთეს; გოგებაშვილის ქუჩის გასწვრივ გაზონებზე წყლის ქსელი დაამონტაჟეს.

აღნიშნული სამსახური ბიუჯეტიდან ფინანსდება 542 000 ლარით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები