ახალი ამბები
გორში სამეფო ქუჩა 2019 წელს განახლდება
გორის ისტორიული - სამეფო ქუჩა 2019 წელს განახლდება. ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

შიდა ქართლში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მუნიციპალური განვითარების ფონდის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია, სწორედ, წელს დაიწყება:

,,რის შედეგადაც გამოიცვლება საკანალიზაციო სისტემები, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სავალ და საფეხმავლო სივრცეებს. დანარჩენ ობიექტებთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, კონკრეტული საჭიროებების გამოკვეთის შემდეგ კი ვიმედოვნებთ, რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხი დროულად დადგება დღის წესრიგში." - აღნიშნავს გუბერნატორი.

სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა განხორციელდება. ეს დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის დროსი მერობის კანდიდატმა კოტე თავზარაშვილმა 2017 წელს გასცა.

„2018 წლისთვის სამეფო ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც დაახლოებით, 3 700 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, განხორციელდება ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 700 000 ლარი დაიხარჯა და 2020 წლამდე დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა 2017 წელს კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები