ახალი ამბები
ორი კვირის მანძილზე ,,გორმედში" გრიპის ვირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი
დღევანდელი მონაცემებით, ,,გორმედში" გრიპის ვირუსით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ საავადმყოფოს ექიმმა დავით ყაზაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იანვრის დასაწყისიდან მძიმე მდგომარეობაში 6 პაციენტი იყო, აქედან ვირუსის მხოლოდ ორმა დაძლია.

გარდაცვლილები არიან:

1. სოფელ თორიტიზიდან - 39 წლის ქალი. ის ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს. იმის გამო, რომ პალატები გადატვირთული იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატი აღარ იყო საკმარისი, იმავე ღამით ,,გორმედში გადაიყვანეს.

2. 35 წლის ქალი, რომელსაც პარალელურად, სიმსივნე ჰქონდა. ექიმების ვარაუდით, მდგომარეობის გართულება ღორის გრიპის ვირუსმა გამოიწვია.

3. 10 თვის გოგონა - თავდაპირველად, ჰყავდათ ყვარელში, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ,,გორმედის" ბავშვთა ცენტრ ,,იავნანაში" ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ, დედის თხოვნით, სახლში დაიწყეს მკურნალობა.

4. 48-წლის მამაკაცი -  ღვიძლის დაავადებები გაურთულდა გრიპის ვირუსის შედეგად.

გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები