ახალი ამბები
გორის 13 სკოლა ჩაერთვება ,,სკოლების მოვლა-პატრონობის საპილოტე პროგრამაში"
საქართველოში საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტის პილოტირება იწყება. ამ პროგრამაში გორის მუნიციპალიტეტიდან 13 სკოლა ჩაერთვება.

აქედან 12 სკოლა აშენებულია მილენიუმის პროექტის ფარგლებში, ხოლო ერთი სკოლა - საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ცნობით, საპილოტე პროგრამაში ჩერთვება თორტიზის, ხელთუბნის, ზერტის, შინდისის, ტყვიავის, სკრის, ფხვენისის, საქაშეთის. ხიდისთავის, ტინისხიდის, ქალაქის მეორე, მეხუთე და მეცხრე სკოლები.

პროექტს ,,ათასწლეულების გამოწვევის ფონდი" ახორციელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მასთან არსებულ სსიპებთან თანამშრომლობით.

,,საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის უნიფიცირებული და მოქნილი სისტემა სკოლებს შესაძლებლობას მისცემს, დროული რეაგირება მოახდინოს და ყველა საჭირო ღონისძიება გაატაროს უსაფრთხო და მიმზიდველი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხრიდან ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი აშშ დოლარია." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პროგრამის საპილოტე ფაზის სამოქმედო გეგმა, სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგია, სისტემა და პროცედურები დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გააცნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები