ახალი ამბები
გორის ეპარქია: ,,ნათლობისას დაიშვება მხოლოდ 2 ნათლია"
,,ჩვენს ეპარქიაში მოქმედებს შემდეგი წესი, ნათლობისას დაიშვება მხოლოდ ორი ნათლია." - ამის შესახებ qartli.ge-ს გორის ეპარქიიდან წერილობით აცნობეს.

ეპარქიას წერილობით შეკითხვა მას შემდეგ დავუსვით, როდესაც მოქალაქეები დაინტერესდნენ, თუ რომელ ტაძარში შეუძლიათ 2-ზე მეტი ნათლიის წაყვანა ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად.

qartli.ge-მ გაარკვია, რომ სავალდებულოდ შესასრულებელი წესი, შიდა ქართლში, მხოლოდ გორისა და ატენის ეპარქიაში მოქმედებს. დანარჩენში -  მოძღვრებზეა დამოკიდებული.

მაგალითად, რუის-ურბნისის ეპარქიაში ასეთი შეზღუდვა არ არსებობს: ,, მიზანშეწონილი არ არის ერთზე მეტი ნათლია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მშობლების დაჟინებული თხოვნა არის ხოლმე, მოძღვრები გამონაკლისის სახით უშვებენ. წესით ნათლია ერთია, დანარჩენები არიან მიმრქმელები."

ხაშურის ეპარქიიდან გვიპასუხეს, რომ დეტალებს მიმრქმელები მაშინ გაარკვევენ, როდესაც ისინი ტაძარში მივლენ: ,,ტაძარს თქვენი სურვილისამებრ არჩევთ და ასევე მოძღვარსაც, შესაბამისად დეტალებზე თქვენს მიერ შერჩეულ ეკლესიაში გაგარკვევენ".

ფოტო: ეპარქიის ოფიციალური გვერდიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები