ახალი ამბები
გლოვის ნიშნად გორში დროშები დაუშვეს
გორის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. გლოვის ნიშნად დაშვებულია გორის ციხეზე აღმართული დროშაც.

საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 4-წლის ბავშვი. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

,,შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რაც დიდ დიღომში მოხდა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს და სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს." - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორი.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს გორის მერიც: ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. გორის მერიის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ საშინელი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს უმოკლეს დროში გამოვლინდებიან მომხდარზე პასუხისმგებელი პირები" - აცხადებს გორის მერი.

დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები