ახალი ამბები
შსს: ,,ავტობანზე დაახლოებით 25 მანქანა დაიმტვრა"
იგოთი-რენეს მონაკვეთზე დაახლოებით 25 მანქანა დაიმტვრა. ამის შესახებ qartli.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, საავადმყოფოებში გადაყვანა ამ ეტაპზე ორ პიროვნებას დაჭირდა, რომლებმაც მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღეს. ისინი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები სხვა მგზავრებს პირველ დახმარებას უწევენ. შეჯახებები დაახლოებით 19 საათიდან დაიწყო. ავარიების მიზეზი გზების მოყინვა გახდა.

შსს-ს განცხადება:

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები."

იხ. ამავე თემაზე

იგოეთი-რენეს მონაკვეთზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა













Print

სტატიის გამოყენების პირობები